საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი „უწერა რეზორტი“ გამაჯანსაღებელი და სპა მომსახურების ფართო სპექტრს დამსვენებლებს წელიწადის ყველა დროს შესთავაზებს.
უწერა რაჭაში, ონის რაიონში, მდინარე რიონის პირას მდებარეობს. ის ცნობილია 28-ზე მეტი უნიკალური მინერალური წყაროთი, რომელთა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება. სასტუმრო უნიკალურ პარკში მდებარეობს, რომელშიც წითელ წიგნში შეტანილი 900-წლოვანი ცაცხვებია.
„უწერა რეზორტის“ სამსართულიან გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში განთავსდება 25-მეტრიანი დახურული და ასევე, ღია აუზები, ჯაკუზი, ორთქლის და მშრალი საუნა, ორთქლის ოთახი და 500 კვ.მ ფართობის სპორტულ დარბაზი. იქვე არსებული სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი სტუმრებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევას, სამკურნალო აბაზანებს, მასაჟის თერაპიას, დეტოქს და გამაჯანსაღებელ პროგრამებს შესთავაზებს.
სრული სპა მომსახურების გარდა, „უწერა რეზორტის“ ერთ-ერთი უპირატესობა ჯანსაღი საკვები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული გამორჩეულად გემრიელი სამზარეულო იქნება. ამას გარდა, კომპლექსი სტუმრებს შესთავაზებს რაჭის ბუნებრივი სილამაზით ცნობილი ადგილების მონახულებას, კულტურულ, სათავგადასავლო, გასტრონომიულ და ღვინის ტურებს, რაფტინგს, ცხენებზე ჯირითსა და სხვა.