მთავარ შინაარსზე გადასვლა

სუხიშვილების ფესტივალი Tsinandali Estate-ში პირველად გაიმართება

სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი პირველ ფესტივალს 22, 23 და 24 მაისს Tsinandali Estate-ის ამფითეატრში გამართავს — ყოველდღე განსხვავებული საკონცერტო პროგრამით.

სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ პროგრამაში ანსამბლის 80-წლიანი რეპერტუარის გამორჩეული ქორეოგრაფიული ნაწარმოებები შევა, რომლებიც სუხიშვილების სხვადასხვა პერიოდსა და შემოქმედებით ეტაპს ასახავს. სამდღიანი ფესტივალი ტრადიციასა და თანამედროვე გამოხატვას აერთიანებს, სტუმრებს დროში მოგზაურობაზე მიიწვევს და ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს.

Silk Hospitality-ს მიერ, გენერალური სპონსორის, SOLO-ს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი კლასიკური რეპერტუარისადმი მიძღვნილი პროგრამით გაიხსნება. მეორე დღე „ზეკარით“ დაიწყება — დადგმით, რომელმაც 2000 წელს ახალი ქორეოგრაფიული ენა შემოიტანა და ანსამბლის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. წარსულსა და აწმყოს შორის მოძრავი „ზეკარი“ სხვადასხვა ეპოქას აკავშირებს და ქართული ფოლკლორის ემოციურ სიღრმეს წარმოაჩენს. ბოლო დღე „კარაბშას“ დაეთმობა — თანამედროვე დადგმას, რომელიც ქართულ ხალხურ ტრადიციებს მოძრაობის უნიკალური სტილით, პლასტიკითა და შესრულების ესთეტიკით ეყრდნობა.

„დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში ჩემთვის და ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. სუხიშვილისა და რამიშვილის ფესტივალი წელს პირველად, ჩვენი ახალი ინიციატივის, „ვარდობისთვის“ ფარგლებში გაიმართება და გვინდა, რომ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს. ეს მართლაც გამორჩეული კულტურული მოვლენა იქნება და ყველას გულითადად გიწვევთ“, — თქვა გიორგი რამიშვილმა, Silk Road Group-ის დამფუძნებელმა.

ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლის ახალგაზრდა თაობის კონცერტები 23 და 24 მაისსაც გაიმართება.

„განსაკუთრებული მადლობა Tsinandali Estate-ს ამ მასშტაბის პროექტის მასპინძლობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია და იმედი მაქვს, ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა — სამი დღიდან ხუთ ან შვიდ დღემდე გაიზრდება, დამატებითი პროგრამებითა და უფრო მრავალფეროვანი განრიგით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენაც, სადაც ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის კოსტიუმები, ფოტოები და საარქივო მასალები იქნება წარმოდგენილი — ეს ჩვენი შემოქმედებითი გზის სრულ სურათს შექმნის. მიხარია, რომ მაისის ბოლოს მაყურებელი სამ განსაკუთრებულ დღეს გაატარებს და ქართულ ცეკვასაც იხილავს და ამ უნიკალურ გამოფენასაც“, — თქვა ნინო სუხიშვილმა, ანსამბლის გენერალურმა დირექტორმა და კოსტიუმების დიზაინერმა.

მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმების დიზაინი, ქორეოგრაფია და შემსრულებელთა თაობები ერთად ქმნის სუხიშვილებს. მემკვიდრეობისა და თანამედროვე ინტერპრეტაციის ეს უნიკალური ნაზავი მაყურებელს დღემდე ატყვევებს. ფესტივალის მთავარ ადგილად Tsinandali Estate შეირჩა — ადგილი, სადაც ღრმა კულტურული ტრადიციები დღესაც ცოცხლობს.

„სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი კაცობრიობის კულტურის მარგალიტია. ის ტრადიციულ ქართულ ცეკვას თეატრალურ ქორეოგრაფიასთან განუმეორებლად აერთიანებს და ქმნის რაღაც გაცილებით მეტს, ვიდრე წარმოდგენაა — ის ქართული კულტურის ენერგიასა და ტრადიციებს განასახიერებს. ცეკვას თარგმანი არ სჭირდება — მას სიხარული მოაქვს. სუხიშვილების ბალეტი კი, უეჭველად, ყველა მაყურებელს უფრო ბედნიერს ტოვებს. იმედი მაქვს, ეს ღონისძიება სუხიშვილების ბალეტის 10-დღიან ფესტივალად გადაიქცევა, ისევე როგორც ცნობილი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი.“ — ერკინ ტატიშევი, Silk Road Group-ის საბჭოს წევრი.

საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია, ფესტივალის გენერალური მხარდამჭერი კი — SOLO.

„მოხარულები ვართ, რომ SOLO სუხიშვილების ფესტივალს უჭერს მხარს და შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ პროექტის ნაწილი, რომელიც ეროვნულ საგანძურს ახალი ფორმით აცოცხლებს და საზოგადოებას უნიკალურ კულტურულ შთაბეჭდილებას სთავაზობს“, — განაცხადა ეთერ ირემაძემ, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პრემიუმ საცალო საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა.

ფესტივალის პრეზენტაცია The Telegraph Hotel-ის ახალ სივრცეში, Network Lounge-ში გაიმართა. Silknet-ის მიერ შექმნილ ამ მრავალფუნქციურ სივრცეში გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა — სტუმრებს აქ მრავალფეროვანი კულტურული გარემო ელით.