The Telegraph Hotel-ში Network Lounge by Silknet პირველი გამოფენით გაიხსნა

The Telegraph Hotel-ში ახალი სივრცე, Network Lounge by Silknet, ოფიციალურად გაიხსნა პირველი გამოფენით, სადაც ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებია წარმოდგენილი. მრავალფუნქციურ სივრცეში გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება — სტუმრებს აქ მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება ელით.
„ქართველი არქიტექტორის, NOAstudio-ს წარმომადგენლის ქეთუნა კრუაშვილის მიერ შექმნილ ინტერიერში ხე და ბეტონი ისეა შერწყმული, რომ მხატვრული გამოხატვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის. ლაუნჯი ახალკაციშვილის ნამუშევრებით გაიხსნა, მომავალში კი ახალი, საინტერესო გამოფენების სერიაა დაგეგმილი“, — თქვა მარიამ კაკაბაძემ, Silk Hospitality-ს არტკურატორმა.
ტატო ახალკაციშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2003–2007 წლებში გერმანიაში ცხოვრობდა და მუშაობდა. მის შემოქმედებაში განმსაზღვრელი როლი პეიზაჟსა და მის სტრუქტურას ეკავა — თემას, რომელსაც წლების განმავლობაში იკვლევს. მისი ნამუშევრები ხშირად მეტაფორას ეყრდნობა და პირადი მეხსიერებისა და ისტორიის გზაჯვარედინზე მდებარე თემებს ასახავს. Network Lounge-ში წარმოდგენილი ნამუშევრები პირდაპირ მხატვრის სახელოსნოდანაა ჩამოტანილი და მისტიკურ, სიურეალისტურ პეიზაჟებს ბუნდოვანი ჰორიზონტებით აერთიანებს.
„Silk Road Group ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნების მხარდაჭერით და ეს ახალი სივრცე ამის კიდევ ერთი მაგალითია — იმ მრავალ მასშტაბურ პროექტთან ერთად, რომლებსაც კომპანია ავითარებს და მხარს უჭერს. მიხარია, რომ ამ სივრცის გახსნა ჩემი ნამუშევრებით აღინიშნა. გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა, აქამდე არსად გამოფენილა და პირდაპირ ჩემი სახელოსნოდან ჩამოვიდა“, — თქვა ტატო ახალკაციშვილმა.
გამოფენა Silk Hospitality-სა და Silknet-ის მხარდაჭერით მოეწყო და The Telegraph Hotel-ში 19 მაისამდე გაგრძელდება.
„გახსნის დღიდან The Telegraph Hotel ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების საყვარელ შეხვედრის ადგილად სწრაფად იქცა. კულინარიულ შეთავაზებებთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ, ამ სივრცეში მსგავსი კულტურული მოვლენებიც შემოვიტანოთ“, — თქვა ნუცა რამიშვილმა, The Telegraph Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა.
Silk Hospitality საქართველოს სასტუმრო-რესტორნების სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და 20-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. კომპანია კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად უჭერს მხარს: მისი დახმარებით Radisson Blu Iveria-სა და Tsinandali Estate-ის საგამოფენო სივრცეებში მთელი წლის განმავლობაში ცნობილი ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გამოიფინება.